post

(LELO.GE) ბადრი მაჭავარიანი: “ჩანს თანაინვესტორობის საინტერესო ვარიანტები, მაგრამ…”

დიდი ტრადიციების მქონე საფეხბურთო ქალაქი უძლიერესთა რიგებს ახალი გუნდითა და ახალი ამბიციით უბრუნდება. ყველამ იცის, როგორ აღზევდა “რუსთავი” ეროვნულ ლიგაში – მინიმალური დანახარჯებითა და ხელმძღვანელობის მაქსიმალურად ეფექტური მუშაობით.

გუშინ “ლელო” კლუბის დირექტორ ბადრი მაჭავარიანს დაუკავშირდა და “რუსთავისთვის” აქტუალურ თემებზე ელაპარაკა.

 “რუსთავმა” სეზონი ტრიუმფით დაასრულა. ცხადია, ეროვნულ ლიგაში ასპარეზობა სულ სხვა პასუხისმგებლობაა…

– გეთანხმებით. ამ თემაზე უკვე ბევრს ვმუშაობთ. ჩვენ კარგად გვესმის ის პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკისრია. უმაღლეს ლიგაში ასპარეზობა სულ სხვა მოთხოვნებს აყენებს ჩვენ წინაშე. ამ დროისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია სტადიონის თემა.

მუშა შეხვედრა გვქონდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან და მინდა გითხრათ, რომ ამ საკითხის მოგვარებაში თავად ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილია ჩართული. საქმე ეხება მოედნის ახალი საფარის დაგებას.

ახლა მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ სტადიონი მეტალურგიული ქარხნის ბალანსიდან გადმოვიდეს მერიის ბალანსზე. ამ მხრივ, არის წინგადადგმული ნაბიჯები და დიდი იმედი მაქვს, ეს ყველაფერი მალე მოგვარდება.

ამაში ჩართულია ქალაქის ხელმძღვანელობაც, დეპუტატები… როცა საკითხი საბოლოოდ გადაიჭრება, ბუნებრივი საფარის დაგებაც მაშინ დაიწყება. ჩვენ ვთამაშობთ უმაღლეს ლიგაში და ვიცით, რომ თუნდაც ინფორმაციული სივრცე სულ სხვაა, სხვა მოთხოვნები დგას. მიმდინარეობს მუშაობა რებრენდინგზეც და ამის შედეგებს მალე ყველა ერთად ვნახავთ.

– მოესწრება ახალი საფარის დაგება სეზონის დაწყებამდე?

– ეს რომ ვთქვა, ცოტა ხმამაღალი ნათქვამი გამომივა. მარტო საფარის შეცვლა არ არის გათვალისწინებული. განათების ამბავიც მოსაგვარებელია, ჩასატარებელია კოსმეტიკური სამუშაოები… მთავარია, საქმე დაიძრას. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, რომ გვერდით გვიდგას და გვეხმარება ამ კარგ საქმეში.

– გასული სეზონი წარმატებით კი ჩაამთავრეთ, მაგრამ გუნდი ცოცხალი ორგანიზმია. ხომ არავის გამოუთქვამს წასვლის სურვილი, ან ახალი მოთამაშე ხომ არ დაგიმატებიათ?

– ამ ეტაპზე გუნდიდან წასვლის სურვილით ნამდვილად არავის მოუმართავს და არც ახალწვეული გვყავს. 20 დეკემბრამდე ფეხბურთელები ინდივიდუალურად ემზადებიან. ჩვენ ყველა მოთამაშესთან ამოგვეწურა კონტრაქტი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხელშეკრულებები აღარ გაგრძელდება, ოღონდ, არც იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად გაგრძელდება.

ამ მომენტისთვის ჩვენთვის მთავარი ის არის, როგორმე მოხდეს კლუბისთვის დამატებითი სასპონსორო თანხების მობილიზება. გასულ სეზონში ჩვენ გვქონდა პოლიტიკა, რომელსაც “ქამრის შემოჭერის” პოლიტიკას დავარქმევდი.

რა თქმა უნდა, უმაღლეს ლიგაშიც მაქსიმალურად ეფექტურად და ეფექტიანად უნდა დავხარჯოთ თანხები, მაგრამ იმავე რესურსით, რაც ჩვენ გვქონდა პირველ ლიგაში, ძალიან გაჭირდება მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა. ჩანს თანაინვესტორობის საინტერესო ვარიანტები, მაგრამ ჯერ ნუ გავასწრებთ მოვლენებს.

იმედია, ყველაფერი ისე იქნება, როგორც კლუბის ინტერესებს წაადგება. მე პირდაპირ ვამბობ – რომ არა გასულ სეზონში კლუბის ხელმძღვანელობის ეფექტური მუშაობა და ის ხალხი, ვინც დაგვეხმარა, ჩვენ დღეს უმაღლეს ლიგაში ვერ ვიქნებოდით. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით დაგვიდგა, მათ შორის – კახა ცხადაძეს.

ასევე, მინდა მივულოცო ჩვენს კლუბს – უკვე გვაქვს პრო და A ლიცენზიები. სამომავლოდ, სწორება იქნება იმ ლიცენზიაზე, რომელიც ევროტურნირებზე ასპარეზობის უფლებას იძლევა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანსაც, ვინც წვლილი შეიტანა ლიცენზირების პროცესის კარგად წარმართვაში.

– მოსამზადებელი გეგმა მოხაზული გექნებათ…

– რა თქმა უნდა. ჩვენ ვფიქრობთ უცხოეთში მომზადების ვარიანტზეც. ზემოთ ვახსენე პოტენციური თანაინვესტორები. ვნახოთ, რა და როგორ გამოვა. ფაქტია, გუნდს სჭირდება ნაყოფიერი მოსამზადებელი პერიოდი საიმისოდ, რომ უმაღლეს ლიგაში ღირსეულად ითამაშოს.

წყარო: Lelo.Ge

post

ELiga.ge: “ერთიანობა, მეგობრული ატმოსფერო… ამის გარეშე წარმოუდგენელიც კი იყო რაიმეს მიღწევა.”

„რუსთავი“ ელიტას დაუბრუნდა. ეროვნული ლიგა 2-ის პირველი და თუნდაც მეორე წრის შემდეგ ნაკლებად მოსალოდნელი იყო, რომ ვარლამ კილასონიას გუნდს მარტვილის „მერანისთვის“ გადაესწრო, მაგრამ რუსთაველები ნელ-ნელა ეწეოდნენ ლიდერს და საბოლოოდ, გადაასწრეს კიდეც.

გუნდის მთავარ მწვრთნელს, ვარლამ კილასონიას ვესაუბრეთ. რუსთაველ კაცს, „მეტალურგისა“ და „გორდას“ ყოფილ ლიდერს, ეროვნული ლიგა 2-ის მეორე ნახევრის საუკეთესო მწვრთნელს.

რუსთავის გუნდი საუკეთესოთა შორის დაბრუნდა. უპირველესად, რის ხარჯზე?

ერთიანობა, მეგობრული ატმოსფერო… ამის გარეშე წარმოუდგენელიც კი იყო რაიმეს მიღწევა. რაც შეეხება სათამაშო ასპექტებს, მარათონული სეზონი 36 თამაშს მოიცავდა და ძალები სწორად გადავანაწილეთ.

საამისოდ ორი თითქმის სრულფასოვანი შემადგენლობაა საჭირო…

დიახ. ამიტომაც ვთქვი, ძალები სწორად გადავანაწილეთო. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. 22 ფეხბურთელი გვყავდა და თითოეულმა შეიტანა წვლილი გამარჯვებაში. არაფერს ვამბობ მეკარეებზე. გამოკვეთილად პირველი ან მეორე ნომერი არცერთი ყოფილა: მიხეილ ალავიძესაც და მირზა მერლანსაც ერთნაირად ვენდობოდით.

დათა სიჭინავას ადრე უმაღლეს ლიგაში უთამაშია და ახალი სახე არ გახლავთ ჩვენს ჩემპიონატში, მაგრამ წლეულს მოლოდინს გადააჭარბა. როგორ მოახერხა ეს და პირადად თქვენ რაში დაეხმარეთ?

ამას ხშირად მეკითხებიან, მაგრამ განსაკუთრებულს ვერაფერს გეტყვით. უბრალოდ, მინდორზე თავისუფლება მივეცი და ვცდილობდი, შავი სამუშაო რაღაც დოზით ამერიდებინა. ვენდე და გამიმართლა. სიჭინავათი ძალიან კმაყოფილი ვარ, ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა.

რჩება გუნდში?

ჯერ არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, წასვლის სურვილი არ გამოუთქვამს.

ხმები გავრცელდა, „რუსთავი“ საკმაოდ გაძლიერდება და სამეულისთვის იბრძოლებსო. არის რაიმე ძვრები კერძო სპონსორის მხრივ?

არ ვიცი, ეს ხმები საიდან ვრცელდება. შემადგენლობა ჯერ უცვლელია. კონტრაქტი ყველა ფეხბურთელს დაუმთავრდა, მაგრამ ოფიციალურად ჯერ არავინ წასულა. არც ახალწვეული გვყავს.

„ფოლადის“ სტადიონის საკითხზე: ეროვნულ ლიგაში ასეთ საფარზე ვერ ითამაშებთ.

სტადიონი მეტალურგიის მფლობელობაშია. ყველა ელის, რომ სტადიონი ან ქალაქის მერიის, ან კერძო სპონსორის ხელში გადავიდეს. ამ შემთხვევაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც დაგვეხმარება. დიდი ალბათობით, დროებით სადმე გადაბარგება და სტადიონის ქირაობა მოგვიწევს.

რატომ?

დაახლოებით, მარტის პირველ რიცხვებში დაიწყება ჩემპიონატი. ახალი საფარის დაგებას კი დრო სჭირდება.

როდის შეიკრიბებით?

20 დეკემბერს. ახალ წლამდე ვივარჯიშებთ, შემდეგ, დაახლოებით 10 იანვრამდე დავისვენებთ და მზადებას გავაგრძელებთ. უცხოურ შეკრებას რაც შეეხება, სურვილი გვაქვს, მაგრამ ვნახოთ, რა როგორ იქნება.

წყარო: ELiga.GE