post

(LELO.GE) ბადრი მაჭავარიანი: “ჩანს თანაინვესტორობის საინტერესო ვარიანტები, მაგრამ…”

დიდი ტრადიციების მქონე საფეხბურთო ქალაქი უძლიერესთა რიგებს ახალი გუნდითა და ახალი ამბიციით უბრუნდება. ყველამ იცის, როგორ აღზევდა “რუსთავი” ეროვნულ ლიგაში – მინიმალური დანახარჯებითა და ხელმძღვანელობის მაქსიმალურად ეფექტური მუშაობით.

გუშინ “ლელო” კლუბის დირექტორ ბადრი მაჭავარიანს დაუკავშირდა და “რუსთავისთვის” აქტუალურ თემებზე ელაპარაკა.

 “რუსთავმა” სეზონი ტრიუმფით დაასრულა. ცხადია, ეროვნულ ლიგაში ასპარეზობა სულ სხვა პასუხისმგებლობაა…

– გეთანხმებით. ამ თემაზე უკვე ბევრს ვმუშაობთ. ჩვენ კარგად გვესმის ის პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკისრია. უმაღლეს ლიგაში ასპარეზობა სულ სხვა მოთხოვნებს აყენებს ჩვენ წინაშე. ამ დროისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია სტადიონის თემა.

მუშა შეხვედრა გვქონდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან და მინდა გითხრათ, რომ ამ საკითხის მოგვარებაში თავად ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილია ჩართული. საქმე ეხება მოედნის ახალი საფარის დაგებას.

ახლა მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ სტადიონი მეტალურგიული ქარხნის ბალანსიდან გადმოვიდეს მერიის ბალანსზე. ამ მხრივ, არის წინგადადგმული ნაბიჯები და დიდი იმედი მაქვს, ეს ყველაფერი მალე მოგვარდება.

ამაში ჩართულია ქალაქის ხელმძღვანელობაც, დეპუტატები… როცა საკითხი საბოლოოდ გადაიჭრება, ბუნებრივი საფარის დაგებაც მაშინ დაიწყება. ჩვენ ვთამაშობთ უმაღლეს ლიგაში და ვიცით, რომ თუნდაც ინფორმაციული სივრცე სულ სხვაა, სხვა მოთხოვნები დგას. მიმდინარეობს მუშაობა რებრენდინგზეც და ამის შედეგებს მალე ყველა ერთად ვნახავთ.

– მოესწრება ახალი საფარის დაგება სეზონის დაწყებამდე?

– ეს რომ ვთქვა, ცოტა ხმამაღალი ნათქვამი გამომივა. მარტო საფარის შეცვლა არ არის გათვალისწინებული. განათების ამბავიც მოსაგვარებელია, ჩასატარებელია კოსმეტიკური სამუშაოები… მთავარია, საქმე დაიძრას. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, რომ გვერდით გვიდგას და გვეხმარება ამ კარგ საქმეში.

– გასული სეზონი წარმატებით კი ჩაამთავრეთ, მაგრამ გუნდი ცოცხალი ორგანიზმია. ხომ არავის გამოუთქვამს წასვლის სურვილი, ან ახალი მოთამაშე ხომ არ დაგიმატებიათ?

– ამ ეტაპზე გუნდიდან წასვლის სურვილით ნამდვილად არავის მოუმართავს და არც ახალწვეული გვყავს. 20 დეკემბრამდე ფეხბურთელები ინდივიდუალურად ემზადებიან. ჩვენ ყველა მოთამაშესთან ამოგვეწურა კონტრაქტი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხელშეკრულებები აღარ გაგრძელდება, ოღონდ, არც იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად გაგრძელდება.

ამ მომენტისთვის ჩვენთვის მთავარი ის არის, როგორმე მოხდეს კლუბისთვის დამატებითი სასპონსორო თანხების მობილიზება. გასულ სეზონში ჩვენ გვქონდა პოლიტიკა, რომელსაც “ქამრის შემოჭერის” პოლიტიკას დავარქმევდი.

რა თქმა უნდა, უმაღლეს ლიგაშიც მაქსიმალურად ეფექტურად და ეფექტიანად უნდა დავხარჯოთ თანხები, მაგრამ იმავე რესურსით, რაც ჩვენ გვქონდა პირველ ლიგაში, ძალიან გაჭირდება მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა. ჩანს თანაინვესტორობის საინტერესო ვარიანტები, მაგრამ ჯერ ნუ გავასწრებთ მოვლენებს.

იმედია, ყველაფერი ისე იქნება, როგორც კლუბის ინტერესებს წაადგება. მე პირდაპირ ვამბობ – რომ არა გასულ სეზონში კლუბის ხელმძღვანელობის ეფექტური მუშაობა და ის ხალხი, ვინც დაგვეხმარა, ჩვენ დღეს უმაღლეს ლიგაში ვერ ვიქნებოდით. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით დაგვიდგა, მათ შორის – კახა ცხადაძეს.

ასევე, მინდა მივულოცო ჩვენს კლუბს – უკვე გვაქვს პრო და A ლიცენზიები. სამომავლოდ, სწორება იქნება იმ ლიცენზიაზე, რომელიც ევროტურნირებზე ასპარეზობის უფლებას იძლევა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანსაც, ვინც წვლილი შეიტანა ლიცენზირების პროცესის კარგად წარმართვაში.

– მოსამზადებელი გეგმა მოხაზული გექნებათ…

– რა თქმა უნდა. ჩვენ ვფიქრობთ უცხოეთში მომზადების ვარიანტზეც. ზემოთ ვახსენე პოტენციური თანაინვესტორები. ვნახოთ, რა და როგორ გამოვა. ფაქტია, გუნდს სჭირდება ნაყოფიერი მოსამზადებელი პერიოდი საიმისოდ, რომ უმაღლეს ლიგაში ღირსეულად ითამაშოს.

წყარო: Lelo.Ge

Share this...
Share on Facebook0Tweet about this on TwitterShare on LinkedIn0Print this page