ლევან სილაგაძე: “ბოლომდე არ ვკარგავთ იმედს, რომ შესაძლებელი გახდება რუსთავის რაგბის სტადიონზე თამაში.”

Photo: JAKO

ეროვნულ ლიგაში აღზევებული “რუსთავი” მომავალ სეზონს ამბიციური გეგმებით ეგებება. გუნდი ამჟამად თურქულ შეკრებაზეა.

“ამ ეტაპზე ყველაზე საინტერესო საკითხი ის არის, თუ სად ითამაშებს ვლადიმირ გაზაევის გაწვრთნილი გუნდი. მოგეხსენებათ, რუსთავულ “ფოლადზე” ამჟამად ხელოვნური საფარია…

ამ და სხვა საინტერესო თემებზე “რუსთავის” სპორტულ დირექტორს, ლევან სილაგაძეს ვესაუბრეთ…

– რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად გვაინტერესებს, სად ითამაშებს “რუსთავი” მომავალ სეზონში?

– ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო საკითხია. რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ შესაძლოა, ვერ გვეთამაშა რუსთავში, მაგრამ ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა, როცა ამ ფაქტის პირისპირ დავრჩით.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გვაცნობა, რომ დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე უნდა ვითამაშოთ. ვაგრძელებთ მუშა პროცესს. გვაქვს მიმოწერა რაგბის კავშირთან და ბოლომდე არ ვკარგავთ იმედს, რომ შესაძლებელი გახდება რუსთავის რაგბის სტადიონზე თამაში. ძიების პროცესში განვიხილავთ ზესტაფონისა და ქუთაისის სტადიონის ვარიანტებსაც.

– ზუსტად რა ფუნქციას შეასრულებს გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვარლამ კილასონია?

– ვარლამი იქნება კლუბის დირექტორატის წევრი. ამასთან ერთად, ის იქნება კლუბის საფეხბურთო აკადემიის ხელმძღვანელი. ამ დროისთვის ჩვენს კლუბში 500-ზე მეტი ბავშვი და ჭაბუკი ვარჯიშობს. ჩვენი მიზანია, გვქონდეს ძლიერი აკადემია.

– ეს ძალიან კარგია და გამორიცხავს იმის ალბათობას, რომ “რუსთავი” ეგრეთ წოდებული “ექვსთვიანი” გუნდი იქნება…

– არა, ჩვენ უკვე განვსაზღვრეთ მიმართულება, რომლითაც უნდა ვიაროთ. ჩვენი სახსრებით ვასუფთავებთ სტადიონის გვერდით მდებარე ტერიტორიას, გვინდა, იქ ჩვენი კლუბის აღსაზრდელებმა ითამაშონ.

– გუნდის დაკომპლექტება უკვე დასრულდა?

– შეიძლება, ერთი-ორი ცვლილება კიდევ მოხდეს, თუმცა დაკომპლექტების პროცესი ძირითადად დასრულებულია. შეიძლება მოხდეს ცვლილებები, მათ შორის – რამდენიმე ფეხბურთელის განათხოვრება.

– რა მიზანი ექნება “რუსთავს” მომავალ სეზონში?

– გუნდში ისეთი ფეხბურთელები შეიკრიბნენ, ნებისმიერ შემთხვევაში მაღალი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ.”

 

ალეკო კაკაურიძე, Lelo.Ge

post

ახალწვეული: თემურ ჩოგაძე

საფეხბურთო კლუბმა “რუსთავმა” თემურ ჩოგაძე დაიმატა. 19 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გასული სეზონის პირველი ნახევარი “საბურთალოში” გაატარა, მეორე ნახევარში კი განათხოვრებით ბათუმის “დინამოს” ღირსებას იცავდა.

ჩოგაძე საქართველოს 19 წლამდე ნაკრების წევრია, მან 2017 წელს გამართულ ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატზე პორტუგალიისა და ჩეხეთის წინააღმდეგ ითამაშა.

post

თურქული შეკრება: სპარინგ-პარტნიორების ვინაობა ცნობილია

ეროვნულ ლიგაში აღზევებულმა “რუსთავმა” ახალი სეზონისთვის მზადება 20 იანავარს დაიწყო: ახალი მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ გაზაევის (ასისტენტები: ნიკოლაი ლატიში და არმაზ ჯელაძე) ხელმძღვანელობით “რუსთავმა” მზადების პირველი ეტაპი თბილისში გაიარა, სადაც გუნდი თბილისის ზღვაზე, “ზესტაფონის” საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშობდა.

30 იანვრიდან “რუსთავი” უკვე თურქეთში ემზადება: ანტალიაში, ქალაქ სიდეში გუნდი ორ შეკრებას გაივლის და სამშობლოში 26 თებერვალს დაბრუნდება.

ამ დროისთვის, ცნობილია იმ გუნდების ვინაობაც, რომლებთანაც “რუსთავი” ორი შეკრების განმავლობაში საკონტროლო მატჩებს ჩაატარებს.

პირველი სპარინგ-პარტნიორი ბულგარული “ცარსკო სელო” იქნება. ეს გუნდი ბულგარეთის პირველ ლიგაში ასპარეზობს და უმაღლეს ლიგაში აღზევების რეალური კანდიდატია: ჩემპიონატის პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა. “რუსთავსა” და “ცარსკო სელოს” მატჩი 4 თებერვალსაა ჩანიშნული.

მომდევნო მატჩს “რუსთავი” 9 თებერვალს ჩაატარებს და უნგრეთის ერთ-ერთი უძველეს გუნდს “შიოფოკს” დაუპირისპირდება. “შიოფოკს” უნგრეთის უმაღლეს ლიგაში არაერთი სეზონი გაუტარებია, ამჟამად კი ამ ქვეყნის პირველ ლიგაში ასპარეზობს.

მესამე საკონტროლო მატჩი 17 თებერვალსაა დაგეგმილი: ამ დღეს “რუსთავი” უზბეკეთის უმაღლესი ლიგის გუნდს “ალმალიკს” დაუპირისპირდება. დეკემბერში დასრულებულ უზბეკეთის 16-გუნდიან ჩემპიონატში “ალმალიკმა” მე-7 ადგილი დაიკავა.

21 თებერვალს “რუსთავი” რუსეთის პირველი ლიგის წარმომადგენელს “ხიმკის” დაუპირისპირდება. არცთუ შორეულ წარსულში “ხიმკი” რუსეთის უმაღლეს ლიგაში წარმატებით გამოდიოდა; ყველაზე დიდი მიღწევა კი 2005 წელს რუსეთის თასის ფინალში იყო, როცა “ხიმკი” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხდა ცსკა-სთან. აღსანიშნავია, რომ იმ სეზონში ცსკა-მ რუსეთის თასთან ერთად, რუსეთის ჩემპიონობაც მოიპოვა და უეფას თასიც; არმიელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი კი ვალერი გაზაევი გახლდათ, – საფეხბურთო კლუბ “რუსთავის” ახალი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ გაზაევის მამა.

თურქულ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო მატჩს “რუსთავი” 25 თებერვალს ჩაატარებს და მეტოქე ამ შემთხვევაშიც ძლიერი ეყოლება: ყირგიზული “ალაი” თავისი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია.

post

საფეხბურთო კლუბი “რუსთავი” შეკრებაზე სიდეში გაემგზავრება

“უმაღლეს ლიგაში აღზევებული “რუსთავი” მომავალ სეზონს ამბიციური გეგმებით ეგებება. გუნდმა სამზადისი 20 იანვარს, თბილისში, “ზესტაფონის” საწვრთნელ ბაზაზე დაიწყო და 30 იანვარს, გამთენიისას თურქეთში გაემგზავრება, სადაც ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

ვლადიმირ გაზაევის გუნდის მეტოქეებზე ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით. რუსთაველები ქალაქ სიდეში, “სენს რესორტ ჰოტელში” იცხოვრებენ.

როგორც კლუბში, ისე გუნდში მიმდინარეობს რეორგანიზაციის პროცესი და სიახლეებს თურქულ შეკრებაზეც უნდა ველოდოთ. “რუსთავის” სამწვრთნელო შტაბი შეკრებაზე შემდეგ ფეხბურთელებს იახლებს:

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი, კოკა სეფიაშვილი, სოსო ქარდავა;

მცველები: ლაშა სალუქვაძე, დავით კვირკველია, მამუკა კობახიძე, ლევან გეგეჭკორი, ავთანდილ ენდელაძე, ავთანდილ ბრაჭული, თორნიკე კირკიტაძე, ალბერტ ცხოვრებოვი;

ნახევარმცველები: ავთანდილ გუჯაბიძე, დათა სიჭინავა, ლუკა სილაგაძე, პაპუნა ფონიავა, გიორგი პაპავა, მიხაილ გორელიშვილი, ირაკლი კლიმიაშვილი, მათე კვირკვია, ლუკა ზვიადაძე;

თავდამსხმელები: ბაჩანა ცხადაძე, ოთარ მარცვალაძე, რევაზ ბარაბაძე, ბექა მიქელთაძე, ზაზა ციცქიშვილი, ბექა ქავთარაძე.

გუნდს თურქეთში შეუერთდება პოლონური “პოგონის” ყოფილი ნახევარმველი მათე ცინცაძე.”

 

LELO.GE

post

(LELO.GE) ბადრი მაჭავარიანი: “ჩვენ ხანგრძლივი თანამშრომლობა გვსურს…”

“უმაღლეს ლიგაში ახალაღზევებული “რუსთავი” აქედანვე შეგვიძლია მოვიაზროთ, როგორც მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდი საქართველოს მომავალ ეროვნულ ლიგაში.

დიდი ალბათობით, ამ გუნდში გააგრძელებს კარიერას არაერთი ისეთი ფეხბურთელი, რომელთაც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაშიც უთამაშიათ.

ამ დროისთვის, გადამწყვეტ ფაზაშია მოლაპარაკებები ისეთ მოთამაშეებთან, როგორებიც არიან ნუკრი რევიშვილი, ლევან გეგეჭკორი, გიორგი რეხვიაშვილი, მამუკა კობახიძე, ავთო ენდელაძე, პაპუნა ფონიავა, ბექა მიქელთაძე, ბექა ქავთარაძე, ბაჩანა ცხადაძე, თამაზ მაქაცარია, ელგუჯა გრიგალაშვილი და ბუბა დაუშვილი.

ეს ინფორმაცია “რუსთავის” დირექტორმა ბადრი მაჭავარიანმა დაგვიდასტურა. მას რამდენიმე კითხვით მივმართეთ…

კი ბატონო, ვადასტურებ თქვენს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ამ ფეხბურთელებთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია შესული, – გვითხრა საუბრის დასაწყისში მაჭავარიანმა, – ჯერ ვამუშავებთ სხვადასხვა თემებს.

კონსულტაციები გვაქვს როგორც ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო ფონდთან, ისე პოტენციურ სპონსორებთან. ჩვენი ბიუჯეტი უნდა იყოს რეალური, ისეთი, რომ გზადაგზა არ გამოჩნდეს პრობლემები. ჯერ ამ ფეხბურთელებთან კონტრაქტები გაფორმებული არ არის, კიდევ ერთხელ ვამბობ – მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება.

– ეს ფეხბურთელები “რუსთავის” შემადგენლობაში “ზამთრის თასზე” ითამაშებენ?

– დიდი ალბათობით, “რუსთავი” “ზამთრის თასზე” ახალგაზრდული შემადგენლობით ითამაშებს.

– რა ხდება სტადიონთან დაკავშირებით? ხომ არ არის შანსი, რომ “რუსთავმა” ეროვნული ლიგის მატჩები “ფოლადის” სტადიონზე ჩაატაროს? ახალი სეზონიდან ხომ ყველამ ბუნებრივ საფარზე უნდა ითამაშოს…

– არის შანსი, რომ რუსთავის “რაგბი არენაზე” ვითამაშოთ. მინდორი იქ ძალიან კარგ მდგომარეობაშია. ამ კვირაში ალბათ საბოლოოდ გაირკვევა, რა და როგორ იქნება.

– “ექვსთვიანი” გუნდების პრეცედენტი ყველას ძალიან გვაშინებს…

– “რუსთავი” ნამდვილად არ იქნება “ექვსთვიანი” გუნდი. ჩვენ ხანგრძლივი თანამშრომლობა გვსურს, განსაკუთრებით იმ ფეხბურთელებთან, რომლებიც ახალგაზრდები არიან. ასევე ჩვენ გვყავს მეორე გუნდი, რომელსაც დიდ ყურადღებას ვაქცევთ. დიდი ყურადღება მიექცევა ასევე საკლუბო აკადემიას, რათა გუნდმა იქიდან მიიღოს შევსება.

– რამდენად შენარჩუნდება ის ბირთვი, რომელმაც “რუსთავთან” ერთად მოიპოვა უმაღლესი ლიგის საგზური?

– ამ დროისთვის ჩვენ ამოწურული გვაქვს ფეხბურთელებთან კონტრაქტები. აუცილებლად შევხვდებით მათ და დაველაპარაკებით. ჩვენ ჩვენსას ვიტყვით, ისინი – თავისას… მათ დიდი მადლობა ეკუთვნით იმისთვის, რაც გააკეთეს, რასაც მიაღწიეს.

– დაბოლოს, სამწვრთნელო შტაბზეც გკითხავთ…

– ვარლამ კილასონია და მისი გუნდი აგრძელებენ მუშაობას. ამ ეტაპზე ცვლილებები მოხდა მხოლოდ ასაკობრივ გუნდებში. ისიც იმიტომ, რომ ასაკები შეიცვალა…

საჩემპიონო განაცხადი

თამამად შეიძლება ითქვას, რომ იმ ფეხბურთელებით, რომლებიც ძალიან ახლოს არიან “რუსთავთან”, გუნდი საქართველოს ეროვნული ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება. ეს მოთამაშეები ქართულ სინამდვილეში ძალიან სერიოზულ ძალას წარმოადგენენ…

ნუკრი რევიშვილი
30 წლის მეკარე ბოლო დროს თბილისის “დინამოში” თამაშობდა. სხვადასხვა დროს იცავდა ქუთაისის “ტორპედოს”, “რუბინის”, “ანჟის”, “კრასნოდარის”, “დილას”, “ვალეტას” (მალტა), რუსული “ტოსნოსა” და “მორდოვიას”, ასევე მოლდოვური “დაჩიას” ღირსებას. საქართველოს ნაკრებში 33 მატჩი ჩაატარა.

ლევან გეგეჭკორი
23 წლის ფლანგელ მცველს სხვადასხვა დროს “მერანის”, “შუქურას”, ბათუმის “დინამოს”, “ჩიხურასა” და თბილისის “დინამოს” ღირსება დაუცავს. გასულ წელს ჰქონდა დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, სადაც კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.

გიორგი რეხვიაშვილი
29 წლის გამოცდილი ცენტრალური მცველი. რუსთავი მისთვის მშობლიური ქალაქია. თამაშობდა “ოლიმპში”, “ზუგდიდში”, “დინამოში”, “ჩიხურაში”, თურქულ “ბოლუსფორსა” და თბილისის “ლოკომოტივში”. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთი მატჩი ჩაატარა.

მამუკა კობახიძე
25 წლის ცენტრალური მცველის კარიერა “ზესტაფონში” დაიწყო. შემდეგ ითამაშა “ალანიაში”, “დილაში”, “რუბინში”, “მორდოვიაში”, “ნეფტეხიმიკსა” და თბილისის “ლოკომოტივში”.

ავთო ენდელაძე
23 წლის უნივერსალი ბოლოს ტყიბულის “მეშახტეში” იყო. მანამდე კი ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ თავის თაობაში და ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშიც კი მოხვდა. უთამაშია “ბაიაში”, “ზესტაფონში”, “ზუგდიდში”, “სამტრედიაში”, “ტორპედოსა” და “კოლხეთში”.

ბაჩანა ცხადაძე
30 წლის ფორვარდს სხვადასხვა დროს “სიონის”, “ვიტ ჯორჯიას”, “ამერის”, “სუმგაითის”, “გაგრას”, “ცხინვალის”, ბაქოს “ინტერის”, “სიმურგის”, “ფლამურტარის”, “ლოკომოტივის”, “სამტრედიასა” და “ჩიხურას” ღირსება დაუცავს. საქართველოს ნაკრებში 5 შეხვედრა ჩაატარა.

პაპუნა ფონიავა
23 წლის საყრდენ ნახევარმცველს უთამაშია ისეთ გუნდებში, როგორებიც არიან “მერანი”, ბათუმის “დინამო” და “ჩიხურა”.

ბექა მიქელთაძე
20 წლის უნივერსალმა შემტევმა, ბექა მიქელთაძემ კარიერა “ბაიაში” დაიწყო, საიდანაც მალე გადავიდა “ზესტაფონში”. იქიდან მივიდა თბილისის “დინამოში”, სადაც მალევე გახდა ლიდერი და წინა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობა არავის დაუთმო.

ბექა ქავთარაძე
18 წლის ქავთარაძე გასულ სეზონში თბილისის “დინამოს” ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახლდათ.

თამაზ მაქაცარია
22 წლის ცენტრფორვარდი ბოლო სეზონში “ცხინვალის” ლიდერი იყო, შიდაქართლურ კლუბში მისვლამდე ბათუმის “დინამოს” ღირსებას იცავდა.

ბუბა დაუშვილი
28 წლის საყრდენი რუსთავული კლუბის ყველაზე ვარსკვლავური პოტენციური ახალწვეულია. სხვადასხვა დროს უთამაშია “ზესტაფონში”, უკრაინულ “კარპატისა” და უნგრულ “დიოშდიორში”. დაუშვილმა საქართველოს ნაკრებში 29 შეხვედრა ჩაატარა.”

Lelo.Ge, ალეკო კაკაურიძე

post

დათა სიჭინავა: “გახარებული ვარ, რომ შრომა დამიფასდა”

გუშინ, 27 დეკემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც საფეხბურთო კლუბ “რუსთავის” ფეხბურთელი, დათა სიჭინავა ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად, ხოლო ვარლამ კილასონია – საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

დათა სიჭინავა:

“ძალიან ამაღლებული გრძნობაა. გახარებული ვარ, რომ შრომა დამიფასდა და მე გავხდი ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მე მთვლიდა საუკეთესოდ. 

“რუსთავში” გატარებული სეზონი მინდა დადებითად შევაფასო, რადგან ჩვენ შევძელით ეროვნული ლიგის საგზურის მოპოვება. მთელმა გუნდმა: ფეხბურთელებმა, სამწვრთნელო შტაბმა, ხელმძღვანელობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ “რუსთავი” წარმატებული ყოფილიყო. დაგვიფასდა შრომა და მივაღწიეთ იმ შედეგს, რასაც ეროვნულ ლიგაში დაწინაურება ჰქვია.”

post

ELiga.ge: “ერთიანობა, მეგობრული ატმოსფერო… ამის გარეშე წარმოუდგენელიც კი იყო რაიმეს მიღწევა.”

„რუსთავი“ ელიტას დაუბრუნდა. ეროვნული ლიგა 2-ის პირველი და თუნდაც მეორე წრის შემდეგ ნაკლებად მოსალოდნელი იყო, რომ ვარლამ კილასონიას გუნდს მარტვილის „მერანისთვის“ გადაესწრო, მაგრამ რუსთაველები ნელ-ნელა ეწეოდნენ ლიდერს და საბოლოოდ, გადაასწრეს კიდეც.

გუნდის მთავარ მწვრთნელს, ვარლამ კილასონიას ვესაუბრეთ. რუსთაველ კაცს, „მეტალურგისა“ და „გორდას“ ყოფილ ლიდერს, ეროვნული ლიგა 2-ის მეორე ნახევრის საუკეთესო მწვრთნელს.

რუსთავის გუნდი საუკეთესოთა შორის დაბრუნდა. უპირველესად, რის ხარჯზე?

ერთიანობა, მეგობრული ატმოსფერო… ამის გარეშე წარმოუდგენელიც კი იყო რაიმეს მიღწევა. რაც შეეხება სათამაშო ასპექტებს, მარათონული სეზონი 36 თამაშს მოიცავდა და ძალები სწორად გადავანაწილეთ.

საამისოდ ორი თითქმის სრულფასოვანი შემადგენლობაა საჭირო…

დიახ. ამიტომაც ვთქვი, ძალები სწორად გადავანაწილეთო. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. 22 ფეხბურთელი გვყავდა და თითოეულმა შეიტანა წვლილი გამარჯვებაში. არაფერს ვამბობ მეკარეებზე. გამოკვეთილად პირველი ან მეორე ნომერი არცერთი ყოფილა: მიხეილ ალავიძესაც და მირზა მერლანსაც ერთნაირად ვენდობოდით.

დათა სიჭინავას ადრე უმაღლეს ლიგაში უთამაშია და ახალი სახე არ გახლავთ ჩვენს ჩემპიონატში, მაგრამ წლეულს მოლოდინს გადააჭარბა. როგორ მოახერხა ეს და პირადად თქვენ რაში დაეხმარეთ?

ამას ხშირად მეკითხებიან, მაგრამ განსაკუთრებულს ვერაფერს გეტყვით. უბრალოდ, მინდორზე თავისუფლება მივეცი და ვცდილობდი, შავი სამუშაო რაღაც დოზით ამერიდებინა. ვენდე და გამიმართლა. სიჭინავათი ძალიან კმაყოფილი ვარ, ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა.

რჩება გუნდში?

ჯერ არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, წასვლის სურვილი არ გამოუთქვამს.

ხმები გავრცელდა, „რუსთავი“ საკმაოდ გაძლიერდება და სამეულისთვის იბრძოლებსო. არის რაიმე ძვრები კერძო სპონსორის მხრივ?

არ ვიცი, ეს ხმები საიდან ვრცელდება. შემადგენლობა ჯერ უცვლელია. კონტრაქტი ყველა ფეხბურთელს დაუმთავრდა, მაგრამ ოფიციალურად ჯერ არავინ წასულა. არც ახალწვეული გვყავს.

„ფოლადის“ სტადიონის საკითხზე: ეროვნულ ლიგაში ასეთ საფარზე ვერ ითამაშებთ.

სტადიონი მეტალურგიის მფლობელობაშია. ყველა ელის, რომ სტადიონი ან ქალაქის მერიის, ან კერძო სპონსორის ხელში გადავიდეს. ამ შემთხვევაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც დაგვეხმარება. დიდი ალბათობით, დროებით სადმე გადაბარგება და სტადიონის ქირაობა მოგვიწევს.

რატომ?

დაახლოებით, მარტის პირველ რიცხვებში დაიწყება ჩემპიონატი. ახალი საფარის დაგებას კი დრო სჭირდება.

როდის შეიკრიბებით?

20 დეკემბერს. ახალ წლამდე ვივარჯიშებთ, შემდეგ, დაახლოებით 10 იანვრამდე დავისვენებთ და მზადებას გავაგრძელებთ. უცხოურ შეკრებას რაც შეეხება, სურვილი გვაქვს, მაგრამ ვნახოთ, რა როგორ იქნება.

წყარო: ELiga.GE

post

“რუსთავმა” ლიცენზირების პროცესი წარმატებით დაასრულა

ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილებით, საფეხბურთო კლუბმა “რუსთავმა” 2018 წლის ლიცენზირების პროცესი წარმატებით დაასრულა და PRO და A კატეგორიის ლიცენზია მიიღო.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის იანვარშიც “რუსთავმა” A კატეგორიის ლიცენზიის მიიღება შეძლო, რითიც ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

2018 წლიდან კი საფეხბურთო კლუბი “რუსთავი” ეროვნულ ლიგაში ითამაშებს.

საფეხბურთო კლუბ “რუსთავის” მილოცვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა. საფეხბურთო კლუბი “რუსთავი” ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონი გახდა და ეროვნულ ლიგაში გადავიდა.

რუსთავის “რუსთავი” ულოცავს ეროვნული ლიგის ტრიუმფატორს, ქუთაისის “ტორპედოს” საქართველოს ჩემპიონობას, ასევე ვულოცავთ საფეხბურთო კლუბ საჩხერის “ჩიხურას” დავით ყიფიანის თასის მოპოვებას.
საფეხბურთო კლუბებს “შევარდენი 1906-ს”, “თელავს” და “ნორჩ დინამოს” ვულოცავთ ეროვნულ ლიგა 2-ში დაწინაურებას, ფოთის “კოლხეთს” ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებას და ბოლნისის “სიონს” ეროვნულ ლიგაში აღზევებას.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას კი ვულოცავთ წარმატებულ საფეხბურთო სეზონს და ვუსურვებთ წარმატებას.

P.S. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენი გუნდის გულშემატკივრებს მთელი სეზონის განმავლობაში თანადგომისთვის და გულშემატკივრობისთვის.

რუსთავს გამარჯვება ფედერაციამ მიულოცა

საფეხბურთო კლუბ რუსთავის “რუსთავს” ეროვნულ ლიგა 2-ში გამარჯვება და ეროვნულ ლიგა 1-ში აღზევება მიულოცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა – ლევან კობიაშვილმა.