post

“ქვემო ქართლის” ინტერვიუ ვარლამ კილასონიასთან

ტელეკომპანია “ქვემო ქართლმა” რუსთავის “რუსთვის” მთავარ მწვრთნელთან, ვარლამ კილასონიასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. კილასონიამ განვლილი 36 ტური შეაფასა და ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებიც “რუსთავს” ჩემპიონატის დასაწყისში ჰქონდა. ის ასევე შეეხო ეროვნული ჩემპიონატის ახალ ფორმატს და დავით ყიფიანის თასზე “რუსთავის” ასპარეზობას.

ვიდეო:

Lelo.Ge: “რუსთავი: აღზევება”

კვირას ჩატარებული პლეი ოფის საპასუხო მატჩებით, საქართველოში საფეხბურთო წელიწადი დასრულდა. საბოლოოდ დაკომპლექტდა 2018 წლის სეზონის ეროვნული ლიგა, სადაც ორი “ახალი სახე” იქნება: ბოლნისის “სიონი” ერთწლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება უმაღლეს ლიგას, საფეხბურთო კლუბი “რუსთავი” კი პირველად იასპარეზებს უძლიერესთა რიგებში. დიახ, პირველად, რადგან 2015 წლის ზაფხულში დაარსებული საფეხბურთო კლუბი არც “გორდას” სამართალმემკვიდრეა და არც – “ოლიმპის” (იმავე – “მეტალურგის”).

თუმცა, საერთოც აქვთ: იმის გარდა, რომ ყველა ზემოთ დასახელებული გუნდი რუსთავის სახელით გამოდიოდა და ერთსა და იმავე სტადიონზე (“ფოლადი”) ასპარეზობდა. სტადიონის თემას ქვემოთ დავუბრუნდებით, მანამდე კი ეროვნული ლიგის ახალი ბინადარი გვინდა უფრო ახლოს გავაცნოთ ჩვენი გაზეთის მკითხველს…

ასე იწყებოდა…

პირველი ეროვნული ჩემპიონატიდან (1990 წლიდან) მოყოლებული, სხვადასხვა სახელით მოასპარეზე რუსთავის გუნდები წარმატებით გამოდიოდნენ საქართველოს ჩემპიონატში. თუმცა, არცთუ სასიამოვნოდ გასახსენებელი პერიოდებიც ყოფილა და შორს რომ არ წავიდეთ, 2014/15 წლების სეზონიც კმარა, რომლის შედეგებითაც “მეტალურგი” უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა.

არადა, იმ სეზონის პირველ წრეში ვარლამ კილასონიას “მეტალურგმა” საკმაოდ წარმატებით იასპარეზა და 16-გუნდიან ჩემპიონატში ხუთეულში მოხვედრაზეც აცხადებდა პრეტენზიას. თუმცა, კლუბის მთავარმა სპონსორმა, რუსთავის მეტალურგიულმა კომბინატმა გუნდის დაფინანსებაზე უარი თქვა და ყველასგან მიტოვებულმა “მეტალურგმა” მეორე წრეში… ვერცერთი მატჩი ვერ მოიგო.

თუმცა, რუსთაველ გულშემატკივრებს წინ კიდევ უარესი ელოდათ – მალე კლუბი გაკოტრებულად გამოცხადდა და ძალიან დიდი იყო იმის შანსი, რომ ქალაქი საერთოდ უფეხბურთოდაც დარჩენილიყო. და ასე რომ არ მოხდა და 2000-იანი წლების დასაწყისი არ განმეორდა, ორი ადგილობრივის უდიდესი დამსახურებაა – ქართულ საფეხბურთო სამყაროში ყველასთვის ნაცნობი ბადრი მაჭავარიანისა და საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, ლევან სილაგაძის უდიდესი ძალისხმევით, 2015 წლის 3 ივლისს დაფუძნდა საფეხბურთო კლუბი “რუსთავი”, რომლის დებიუტიც 2015/16 წლების სეზონში პირველ ლიგაში შედგა.

ის სეზონი “რუსთავმა” ადგილობრივი სპეციალისტის, გიორგი მიშველიძის ხელმძღვანელობით დაიწყო. გუნდის ძირითად ბირთვს პერსპექტიული რუსთაველი ახალგაზრდები შეადგენდნენ და სადებიუტო სეზონში მიზანიც მოკრძალებული ჰქონდა – პირველ ლიგაში ადგილის შენარჩუნება და მომზადება გარდამავალი ჩემპიონატისთვის. აქვე, ისიც ვთქვათ, რომ სადებიუტო სეზონის ბოლოსკენ გუნდის მთავარ მწვრთნელად ვარლამ კილასონია დაინიშნა, რომელიც მანამდეც არაერთხელ თავკაცობდა მშობლიური ქალაქის გუნდებს.

…გარდამავალ ჩემპიონატში “რუსთავს” ურთულესი მისია უნდა შეესრულებინა: ფინანსურად ბევრად ძლიერი და პირველი ლიგის სტაჟიანი კონკურენტების გარემოცვაში, სეზონი პირველ ოთხეულში უნდა დაესრულებინა, რათა 2017 წელს ეროვნულ ლიგა 2-ში ეასპარეზა. სწორედ შარშან მოხდა პირველი სენსაცია: ბევრისთვის მოულოდნელად, “რუსთავმა” თავის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა!..

ფავორიტებში არ ახსენებდნენ…

ეროვნული ლიგა 2-ის წლევანდელი გათამაშების დაწყებამდე, როცა ფავორიტებზე ლაპარაკობდნენ, “რუსთავს” არავინ ახსენებდა. ერთი მხრივ, ეს საფუძვლიანიც იყო, რადგან ეროვნული ლიგა 2-ის წლევანდელ გათამაშებაში ხომ ამბიციურ კერძო კლუბებსა (“მერანი”, “გაგრა”, “ვიტ ჯორჯია”) და უმაღლესი ლიგიდან დაქვეითებულებს (“სიონი”, “გურია”, “ცხინვალი”, “ზუგდიდი”) უნდა ეასპარეზათ.

აღარაფერს ვამბობთ ფინანსურ თუ სხვა საკითხებზე: სხვა კლუბებისგან განსხვავებით, “რუსთავს” სეზონისწინა შეკრება უცხოეთში არ გაუვლია და შემადგენლობაც, ფაქტობრივად, იგივე იყო, რაც – გარდამავალ ჩემპიონატში. თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი, გულის სიღრმეში, მაინც ფიქრობდნენ პლეი ოფის საგზურზე…
სეზონის სტარტზე ეროვნული ლიგა 2-ის მომავალ ტრიუმფატორს დიდი არაფერი გამოუვიდა: საწყის ექვს ტურში “რუსთავმა” მხოლოდ 7 ქულა (2 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება) მოაგროვა. აი, ამის შემდეგ კი კილასონიას გუნდის შეჩერება მართლაც შეუძლებელი გახდა…

უცნაური ზაფხული… ბოქლომით

მეორე წრე გუნდმა სულაც წაუგებლად ჩაატარა (8 მოგება, 1 ფრე). მესამე წრეში 6 მატჩი მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 1 წააგო (“სამგურალთან”). სწორედ ამიტომ იყო, რომ “რუსთავი” ჯერ ნელ-ნელა უახლოვდებოდა პლეი ოფის ზონას, მეოთხე წრის დაწყებამდე კი უკვე მყარად იყო დამკვიდრებული მე-2 ადგილზე. ამასობაში, ნელ-ნელ მცირდებოდა ჩამორჩენა პირველადგილოსანთან და უმთავრეს ფავორიტ “მერანთან”…

მესამე წრის დასაწყისი იყო, “რუსთავი” “სამგურალთან” (ერთადერთი სწორედ გია გიგატაძის დამოძღვრილი “სამგურალი” იყო, ამ სეზონში ორი მატჩი რომ მოუგო ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონს) რომ დამარცხდა. იმ დროს (28 ივლისი), მართლაც ვერავინ იფიქრებდა, რომ გუნდი მთელი 4 (ოთხი!) თვის განმავლობაში წაუგებლად ითამაშებდა.

არადა, სწორედ ასე მოხდა: 15-მატჩიანი წაუგებელი სერიის და გადამწყვეტ ეტაპზე ზედიზედ 10 მატჩის მოგების წყალობით, “რუსთავმა” სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა ჩემპიონობა და ეროვნული ლიგის საგზური.

სულ 2 წლის ისტორიის მქონე გუნდის ასეთი დიდი წარმატება, რა თქმა უნდა, ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის უდიდესი დამსახურებაა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო კლუბში არსებული ერთიანობა და საქმისადმი პროფესიული მიდგომაც. აღარაფერს ვამბობთ იმ, ცოტა არ იყოს, კურიოზულ ფაქტზე, რაც გუნდს ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში შეემთხვა – ივლისის ერთ ცხელ დღეს სტადიონზე სავარჯიშოდ მისულ “რუსთავის” ფეხბურთელებს… “ფოლადის” ჭიშკარზე დიდი ბოქლომი დახვდათ. საწვრთნელი პროცესი ჩაიშალა.

საბედნიეროდ, რუსთავში გამოჩნდა ხალხი, ვინც გულთან ახლოს მიიტანა საფეხბურთო კლუბის ეს პრობლემა: ქალაქის სარაგბო სტადიონის დირექტორმა, ფეხბურთის დიდმა გულშემატკივარმა გია ქერაშვილმა უანგაროდ დაუთმო არენა “რუსთავის” საფეხბურთო გუნდს, რომელმაც იქ რამდენიმე ვარჯიში ჩაატარა…

მარადიული პრობლემა

საერთოდ, კლუბისა და სტადიონის ურთიერთობის თემა მართლაც განსაკუთრებით აქტუალურია. “ფოლადი” მეტალურგიული კომბინატის ბალანსზეა, მაგრამ, საბედნიეროდ, დღეს ამ მხრივ რუსთაველ გულშემატკივრებს ნამდვილად აქვთ ოპტიმიზმის საფუძველი. საქმე ისაა, რომ რუსთავის ახალი მერი ირაკლი ტაბაღუა და ვიცე-მერი გოჩა ლორია სპორტის დიდი ქომაგები არიან და მაქსიმალურად მოკლე დროში აპირებენ პრობლემის მოგვარებას – სტადიონის გადაცემას ქალაქის ბალანსზე.

ამას კიდევ ერთი საშვილიშვილო საქმე უნდა მოჰყვეს: სტადიონის საკითხი გადაიჭრება თუ არა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია “ფოლადის” მოედნის საფარის გამოცვლას საკუთარ თავზე იღებს და რუსთავსაც, თითქმის 8-წლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ ბუნებრივსაფარიანი მოედანი ექნება. მერე, ალბათ, პროჟექტორებიც განათდება, ასე “უქმად” რომ არის წლების განმავლობაში…

სიჭინავა, მერლანი, ალავიძე და სხვები…

ზემოთ, შემთხვევით არ გვიხსენებია “ერთიანობა”. ასეთი სერიოზული წარმატება ფინანსურად არაფრით გამორჩეული გუნდისგან ბევრს კი უკვირდა, მაგრამ, როცა თანამოაზრეები ერთ ენაზე ლაპარაკობენ და ერთი მიზანი აერთიანებთ, მაშინ გასაკვირი არაფერი უნდა იყოს.

ეს ეხება კლუბის მთელ პერსონალს და, რა თქმა უნდა, ამ წარმატების მთავარ შემოქმედთ – გუნდის მთავარ მწვრთნელ ვარლამ კილასონიას, მის ასისტენტ არმაზ ჯელაძეს, მთელ სამწვრთნელო შტაბს, რომ აღარაფერი ვთქვათ ფეხბურთელებზე…

სხვათა შორის, ამ სეზონის დაწყების წინაც და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდშიც, “რუსთავის” ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა თქვა უარი სხვა გუნდებში გადასვლაზე, სადაც მათ ბევრად უკეთეს ფინანსურ პირობებს სთავაზობდნენ. დარჩნენ “რუსთავში” და თითოეულმა მათგანმა უდიდესი წვლილი შეიტანა გუნდის ეროვნულ ლიგაში აღზევების საქმეში.

სწორედ ასეთთა კატეგორიას მიეკუთვნება ახლახან დასრულებული ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი (და ძალიან დიდი ალბათობით – საუკეთესო ფეხბურთელიც) დათა სიჭინავა, რომელსაც მთელი სეზონის განმავლობაში არ აკლდა მთხოვნელი არამხოლოდ ქართული, არამედ, უცხოური გუნდებიდანაც. 28 წლის სიჭინავას შთამბეჭდავი სეზონი ჰქონდა – 35 მატჩში 30 გოლი გაიტანა, თანაც, აქედან თითქმის ნახევარი – გასაოცარი ტრაექტორიით შესრულებული “სტანდარტულებიდან”!

…გასულ სეზონში, ამ ლიგაში კი არა, ეროვნულ ლიგაშიც გაგვიჭირდებოდა ისეთი გუნდის მოძებნა, სადაც ორი თანაბარი ძალის და ორი მართლაც ჩინებული მეკარე გაუწევდა ერთმანეთს კონკურენციას – 37 წლის მირზა მერლანი და 30 წლის მიხეილ ალავიძე.

იგივე შეიძლება ითქვას სხვა გამოცდილ ფეხბურთელებზეც: 32 წლის ცენტრფორვარდ ზვიად მეტრეველზე, 28 წლის საყრდენ ნახევარმცველზე, “რუსთავის” ერთ-ერთ შეუცვლელ და საკვანძო ფეხბურთელ გიორგი ვასაძეზე…

ცალკე თემაა დაცვის ხაზი, სადაც უმაღლეს ლიგაში ნათამაშებმა ფეხბურთელებმა მთელი სეზონი სტაბილურად და მაღალ დონეზე ჩაატარეს – გურამ მინდორაშვილმა, ნიკა აფაქიძემ, ერეკლე კილაძემ, ავთანდილ ბრაჭულმა, გიორგი გაფრინდაშვილმა, გიგა სამხარაძემ…

ასევე სხვადასხვა დროს უთამაშიათ უმაღლეს ლიგაში “რუსთავის” ნახევარმცველებს – ირაკლი ქათამაძეს, რატი ცაცკრიალაშვილს, ირაკლი გოგინაშვილს, ზვიად ლობჯანიძეს, თორნიკე კირკიტაძეს… ეს უკანასკნელი, ეროვნული ლიგა 2-ის ერთ-ერთ აღმოჩენად შეიძლება ჩაითვალოს…

დაბოლოს, ერთიმეორეზე პერსპექტიულ ადგილობრივ ფეხბურთელებზეც ვთქვათ, რომელთაგან ორს გასაოცარი პროგრესი ჰქონდა და იმედია, საკუთარ შესაძლებლობებს ამჯერად უკვე ეროვნულ ლიგაში გამოავლენენ – 22 წლის შემტევი ზაზა ციცქიშვილი და 20 წლის საყრდენი ნახევარმცველი ავთანდილ გუჯაბიძე გუნდის საკვანძო მოთამაშეებად ჩამოყალიბდნენ. გიორგი კილასონია, ძმები – გიორგი და ბაჩო გოცაძეები, მიხეილ ლომიძე, გიორგი სამადაშვილი – ეს 19-20 წლის ადგილობრივი ბიჭებიც “რუსთავის” ხვალინდელი დღეა…

ავტორი: გია ტუხაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი “ლელო”