ლევან სილაგაძე: “ბოლომდე არ ვკარგავთ იმედს, რომ შესაძლებელი გახდება რუსთავის რაგბის სტადიონზე თამაში.”

Photo: JAKO

ეროვნულ ლიგაში აღზევებული “რუსთავი” მომავალ სეზონს ამბიციური გეგმებით ეგებება. გუნდი ამჟამად თურქულ შეკრებაზეა.

“ამ ეტაპზე ყველაზე საინტერესო საკითხი ის არის, თუ სად ითამაშებს ვლადიმირ გაზაევის გაწვრთნილი გუნდი. მოგეხსენებათ, რუსთავულ “ფოლადზე” ამჟამად ხელოვნური საფარია…

ამ და სხვა საინტერესო თემებზე “რუსთავის” სპორტულ დირექტორს, ლევან სილაგაძეს ვესაუბრეთ…

– რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად გვაინტერესებს, სად ითამაშებს “რუსთავი” მომავალ სეზონში?

– ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო საკითხია. რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ შესაძლოა, ვერ გვეთამაშა რუსთავში, მაგრამ ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა, როცა ამ ფაქტის პირისპირ დავრჩით.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გვაცნობა, რომ დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე უნდა ვითამაშოთ. ვაგრძელებთ მუშა პროცესს. გვაქვს მიმოწერა რაგბის კავშირთან და ბოლომდე არ ვკარგავთ იმედს, რომ შესაძლებელი გახდება რუსთავის რაგბის სტადიონზე თამაში. ძიების პროცესში განვიხილავთ ზესტაფონისა და ქუთაისის სტადიონის ვარიანტებსაც.

– ზუსტად რა ფუნქციას შეასრულებს გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვარლამ კილასონია?

– ვარლამი იქნება კლუბის დირექტორატის წევრი. ამასთან ერთად, ის იქნება კლუბის საფეხბურთო აკადემიის ხელმძღვანელი. ამ დროისთვის ჩვენს კლუბში 500-ზე მეტი ბავშვი და ჭაბუკი ვარჯიშობს. ჩვენი მიზანია, გვქონდეს ძლიერი აკადემია.

– ეს ძალიან კარგია და გამორიცხავს იმის ალბათობას, რომ “რუსთავი” ეგრეთ წოდებული “ექვსთვიანი” გუნდი იქნება…

– არა, ჩვენ უკვე განვსაზღვრეთ მიმართულება, რომლითაც უნდა ვიაროთ. ჩვენი სახსრებით ვასუფთავებთ სტადიონის გვერდით მდებარე ტერიტორიას, გვინდა, იქ ჩვენი კლუბის აღსაზრდელებმა ითამაშონ.

– გუნდის დაკომპლექტება უკვე დასრულდა?

– შეიძლება, ერთი-ორი ცვლილება კიდევ მოხდეს, თუმცა დაკომპლექტების პროცესი ძირითადად დასრულებულია. შეიძლება მოხდეს ცვლილებები, მათ შორის – რამდენიმე ფეხბურთელის განათხოვრება.

– რა მიზანი ექნება “რუსთავს” მომავალ სეზონში?

– გუნდში ისეთი ფეხბურთელები შეიკრიბნენ, ნებისმიერ შემთხვევაში მაღალი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ.”

 

ალეკო კაკაურიძე, Lelo.Ge

Share this...
Share on Facebook0Tweet about this on TwitterShare on LinkedIn0Print this page