კლუბი

საფეხბურთო კლუბი „რუსთავი“ დაარსდა 2015 წლის 3 ივლისს. სადებიუტო, 2015-16 წლების სეზონი „რუსთავმა“ საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში გაატარა. იმ სადებიუტო სეზონში „რუსთავი“ ძირითადად დაკომპლექტებული იყო ახალგაზრდა, პერსპექტიული რუსთაველი ფეხბურთელებით. გუნდმა სპორტული კუთხითაც წარმატებით იასპარეზა და ამას გარდა, რაც მთავარია, საფუძველი ჩაეყარა კლუბის საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებას. კერძოდ, გეგმაზომიერი მუშაობის შედეგად, საფეხბურთო კლუბ „რუსთავის“ ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად იქცა მომავალი თაობის საფეხბურთო განათლებაზე ზრუნვა. დღესდღეობით, ისე როგორც მთავარი გუნდი, წარმატებით ასპარეზობენ „რუსთავი 2“, 19-წლამდელთა, 17-წლამდელთა და სხვა ასაკობრივი გუნდებიც. 2015 წელი იმითაც იყო მნიშვნელოვანი გუნდის ცხოვრებაში, რომ ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირმა საფეხბურთო კლუბ „რუსთავს“ მიანიჭა ერთობ პრესტიჟული ჯილფო „ოქროს რეიტინგი“ ეკონომიკური საქმიანობის კლასიფიკაციაში კულტურისა და სპორტის ორგანიზების დარგში. მომდევნო სეზონი, 2015-16 წლების გარდამავალ ჩემპიონატში, საფეხბურთო კლუბმა „რუსთავმა“ ურთულესი ამოცანა წარმატებით გადაჭრა და საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის გამარჯვებული გახდა. ამ წარმატებით გუნდმა მოიპოვა 2017 წლის სეზონში „ეროვნულ ლიგა 2-ში“ ასპარეზობის უფლება. რაც მთავარია წარმატებული სვლა გაგრძელდა: „რუსთავი“ 2017 ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონი გახდა და მომდევნო წლიდან ეროვნულ ლიგაში იასპარეზებს. საფეხბურთო კლუბ „რუსთავში“ დასაქმებულთა, ფაქტობრივად, 99% ქალაქ რუსთავის მკვიდრია. კლუბის დირექტორი გახლავთ ბადრი მაჭავარიანი, სპორტული დირექტორი – რუსთავის საფეხბურთო სკოლის აღზრდილი, საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი ლევან სილაგაძე, მთავარი მწვრთნელი კი – ასევე რუსთავის საფეხბურთო სკოლის კიდევ ერთი წარმომადგენელი, პრო-ლიცენზიის მქონდე სპეციალისტი ვარლამ კილასონია.