post

თურქული შეკრება: სპარინგ-პარტნიორების ვინაობა ცნობილია

ეროვნულ ლიგაში აღზევებულმა “რუსთავმა” ახალი სეზონისთვის მზადება 20 იანავარს დაიწყო: ახალი მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ გაზაევის (ასისტენტები: ნიკოლაი ლატიში და არმაზ ჯელაძე) ხელმძღვანელობით “რუსთავმა” მზადების პირველი ეტაპი თბილისში გაიარა, სადაც გუნდი თბილისის ზღვაზე, “ზესტაფონის” საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშობდა.

30 იანვრიდან “რუსთავი” უკვე თურქეთში ემზადება: ანტალიაში, ქალაქ სიდეში გუნდი ორ შეკრებას გაივლის და სამშობლოში 26 თებერვალს დაბრუნდება.

ამ დროისთვის, ცნობილია იმ გუნდების ვინაობაც, რომლებთანაც “რუსთავი” ორი შეკრების განმავლობაში საკონტროლო მატჩებს ჩაატარებს.

პირველი სპარინგ-პარტნიორი ბულგარული “ცარსკო სელო” იქნება. ეს გუნდი ბულგარეთის პირველ ლიგაში ასპარეზობს და უმაღლეს ლიგაში აღზევების რეალური კანდიდატია: ჩემპიონატის პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა. “რუსთავსა” და “ცარსკო სელოს” მატჩი 4 თებერვალსაა ჩანიშნული.

მომდევნო მატჩს “რუსთავი” 9 თებერვალს ჩაატარებს და უნგრეთის ერთ-ერთი უძველეს გუნდს “შიოფოკს” დაუპირისპირდება. “შიოფოკს” უნგრეთის უმაღლეს ლიგაში არაერთი სეზონი გაუტარებია, ამჟამად კი ამ ქვეყნის პირველ ლიგაში ასპარეზობს.

მესამე საკონტროლო მატჩი 17 თებერვალსაა დაგეგმილი: ამ დღეს “რუსთავი” უზბეკეთის უმაღლესი ლიგის გუნდს “ალმალიკს” დაუპირისპირდება. დეკემბერში დასრულებულ უზბეკეთის 16-გუნდიან ჩემპიონატში “ალმალიკმა” მე-7 ადგილი დაიკავა.

21 თებერვალს “რუსთავი” რუსეთის პირველი ლიგის წარმომადგენელს “ხიმკის” დაუპირისპირდება. არცთუ შორეულ წარსულში “ხიმკი” რუსეთის უმაღლეს ლიგაში წარმატებით გამოდიოდა; ყველაზე დიდი მიღწევა კი 2005 წელს რუსეთის თასის ფინალში იყო, როცა “ხიმკი” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხდა ცსკა-სთან. აღსანიშნავია, რომ იმ სეზონში ცსკა-მ რუსეთის თასთან ერთად, რუსეთის ჩემპიონობაც მოიპოვა და უეფას თასიც; არმიელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი კი ვალერი გაზაევი გახლდათ, – საფეხბურთო კლუბ “რუსთავის” ახალი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ გაზაევის მამა.

თურქულ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო მატჩს “რუსთავი” 25 თებერვალს ჩაატარებს და მეტოქე ამ შემთხვევაშიც ძლიერი ეყოლება: ყირგიზული “ალაი” თავისი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია.

Share this...
Share on Facebook0Tweet about this on TwitterShare on LinkedIn0Print this page