post

(LELO.GE) ბადრი მაჭავარიანი: “ჩვენ ხანგრძლივი თანამშრომლობა გვსურს…”

“უმაღლეს ლიგაში ახალაღზევებული “რუსთავი” აქედანვე შეგვიძლია მოვიაზროთ, როგორც მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდი საქართველოს მომავალ ეროვნულ ლიგაში.

დიდი ალბათობით, ამ გუნდში გააგრძელებს კარიერას არაერთი ისეთი ფეხბურთელი, რომელთაც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაშიც უთამაშიათ.

ამ დროისთვის, გადამწყვეტ ფაზაშია მოლაპარაკებები ისეთ მოთამაშეებთან, როგორებიც არიან ნუკრი რევიშვილი, ლევან გეგეჭკორი, გიორგი რეხვიაშვილი, მამუკა კობახიძე, ავთო ენდელაძე, პაპუნა ფონიავა, ბექა მიქელთაძე, ბექა ქავთარაძე, ბაჩანა ცხადაძე, თამაზ მაქაცარია, ელგუჯა გრიგალაშვილი და ბუბა დაუშვილი.

ეს ინფორმაცია “რუსთავის” დირექტორმა ბადრი მაჭავარიანმა დაგვიდასტურა. მას რამდენიმე კითხვით მივმართეთ…

კი ბატონო, ვადასტურებ თქვენს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ამ ფეხბურთელებთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია შესული, – გვითხრა საუბრის დასაწყისში მაჭავარიანმა, – ჯერ ვამუშავებთ სხვადასხვა თემებს.

კონსულტაციები გვაქვს როგორც ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო ფონდთან, ისე პოტენციურ სპონსორებთან. ჩვენი ბიუჯეტი უნდა იყოს რეალური, ისეთი, რომ გზადაგზა არ გამოჩნდეს პრობლემები. ჯერ ამ ფეხბურთელებთან კონტრაქტები გაფორმებული არ არის, კიდევ ერთხელ ვამბობ – მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება.

– ეს ფეხბურთელები “რუსთავის” შემადგენლობაში “ზამთრის თასზე” ითამაშებენ?

– დიდი ალბათობით, “რუსთავი” “ზამთრის თასზე” ახალგაზრდული შემადგენლობით ითამაშებს.

– რა ხდება სტადიონთან დაკავშირებით? ხომ არ არის შანსი, რომ “რუსთავმა” ეროვნული ლიგის მატჩები “ფოლადის” სტადიონზე ჩაატაროს? ახალი სეზონიდან ხომ ყველამ ბუნებრივ საფარზე უნდა ითამაშოს…

– არის შანსი, რომ რუსთავის “რაგბი არენაზე” ვითამაშოთ. მინდორი იქ ძალიან კარგ მდგომარეობაშია. ამ კვირაში ალბათ საბოლოოდ გაირკვევა, რა და როგორ იქნება.

– “ექვსთვიანი” გუნდების პრეცედენტი ყველას ძალიან გვაშინებს…

– “რუსთავი” ნამდვილად არ იქნება “ექვსთვიანი” გუნდი. ჩვენ ხანგრძლივი თანამშრომლობა გვსურს, განსაკუთრებით იმ ფეხბურთელებთან, რომლებიც ახალგაზრდები არიან. ასევე ჩვენ გვყავს მეორე გუნდი, რომელსაც დიდ ყურადღებას ვაქცევთ. დიდი ყურადღება მიექცევა ასევე საკლუბო აკადემიას, რათა გუნდმა იქიდან მიიღოს შევსება.

– რამდენად შენარჩუნდება ის ბირთვი, რომელმაც “რუსთავთან” ერთად მოიპოვა უმაღლესი ლიგის საგზური?

– ამ დროისთვის ჩვენ ამოწურული გვაქვს ფეხბურთელებთან კონტრაქტები. აუცილებლად შევხვდებით მათ და დაველაპარაკებით. ჩვენ ჩვენსას ვიტყვით, ისინი – თავისას… მათ დიდი მადლობა ეკუთვნით იმისთვის, რაც გააკეთეს, რასაც მიაღწიეს.

– დაბოლოს, სამწვრთნელო შტაბზეც გკითხავთ…

– ვარლამ კილასონია და მისი გუნდი აგრძელებენ მუშაობას. ამ ეტაპზე ცვლილებები მოხდა მხოლოდ ასაკობრივ გუნდებში. ისიც იმიტომ, რომ ასაკები შეიცვალა…

საჩემპიონო განაცხადი

თამამად შეიძლება ითქვას, რომ იმ ფეხბურთელებით, რომლებიც ძალიან ახლოს არიან “რუსთავთან”, გუნდი საქართველოს ეროვნული ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება. ეს მოთამაშეები ქართულ სინამდვილეში ძალიან სერიოზულ ძალას წარმოადგენენ…

ნუკრი რევიშვილი
30 წლის მეკარე ბოლო დროს თბილისის “დინამოში” თამაშობდა. სხვადასხვა დროს იცავდა ქუთაისის “ტორპედოს”, “რუბინის”, “ანჟის”, “კრასნოდარის”, “დილას”, “ვალეტას” (მალტა), რუსული “ტოსნოსა” და “მორდოვიას”, ასევე მოლდოვური “დაჩიას” ღირსებას. საქართველოს ნაკრებში 33 მატჩი ჩაატარა.

ლევან გეგეჭკორი
23 წლის ფლანგელ მცველს სხვადასხვა დროს “მერანის”, “შუქურას”, ბათუმის “დინამოს”, “ჩიხურასა” და თბილისის “დინამოს” ღირსება დაუცავს. გასულ წელს ჰქონდა დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, სადაც კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.

გიორგი რეხვიაშვილი
29 წლის გამოცდილი ცენტრალური მცველი. რუსთავი მისთვის მშობლიური ქალაქია. თამაშობდა “ოლიმპში”, “ზუგდიდში”, “დინამოში”, “ჩიხურაში”, თურქულ “ბოლუსფორსა” და თბილისის “ლოკომოტივში”. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთი მატჩი ჩაატარა.

მამუკა კობახიძე
25 წლის ცენტრალური მცველის კარიერა “ზესტაფონში” დაიწყო. შემდეგ ითამაშა “ალანიაში”, “დილაში”, “რუბინში”, “მორდოვიაში”, “ნეფტეხიმიკსა” და თბილისის “ლოკომოტივში”.

ავთო ენდელაძე
23 წლის უნივერსალი ბოლოს ტყიბულის “მეშახტეში” იყო. მანამდე კი ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ თავის თაობაში და ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშიც კი მოხვდა. უთამაშია “ბაიაში”, “ზესტაფონში”, “ზუგდიდში”, “სამტრედიაში”, “ტორპედოსა” და “კოლხეთში”.

ბაჩანა ცხადაძე
30 წლის ფორვარდს სხვადასხვა დროს “სიონის”, “ვიტ ჯორჯიას”, “ამერის”, “სუმგაითის”, “გაგრას”, “ცხინვალის”, ბაქოს “ინტერის”, “სიმურგის”, “ფლამურტარის”, “ლოკომოტივის”, “სამტრედიასა” და “ჩიხურას” ღირსება დაუცავს. საქართველოს ნაკრებში 5 შეხვედრა ჩაატარა.

პაპუნა ფონიავა
23 წლის საყრდენ ნახევარმცველს უთამაშია ისეთ გუნდებში, როგორებიც არიან “მერანი”, ბათუმის “დინამო” და “ჩიხურა”.

ბექა მიქელთაძე
20 წლის უნივერსალმა შემტევმა, ბექა მიქელთაძემ კარიერა “ბაიაში” დაიწყო, საიდანაც მალე გადავიდა “ზესტაფონში”. იქიდან მივიდა თბილისის “დინამოში”, სადაც მალევე გახდა ლიდერი და წინა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობა არავის დაუთმო.

ბექა ქავთარაძე
18 წლის ქავთარაძე გასულ სეზონში თბილისის “დინამოს” ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახლდათ.

თამაზ მაქაცარია
22 წლის ცენტრფორვარდი ბოლო სეზონში “ცხინვალის” ლიდერი იყო, შიდაქართლურ კლუბში მისვლამდე ბათუმის “დინამოს” ღირსებას იცავდა.

ბუბა დაუშვილი
28 წლის საყრდენი რუსთავული კლუბის ყველაზე ვარსკვლავური პოტენციური ახალწვეულია. სხვადასხვა დროს უთამაშია “ზესტაფონში”, უკრაინულ “კარპატისა” და უნგრულ “დიოშდიორში”. დაუშვილმა საქართველოს ნაკრებში 29 შეხვედრა ჩაატარა.”

Lelo.Ge, ალეკო კაკაურიძე

Share this...
Share on Facebook57Tweet about this on TwitterShare on LinkedIn0Print this page